mcenareTa samyaro - wvimis tyeebi
წვიმის ტყეები - (ლათ. Rainforest) (რუს. Дождевой лес)
ტყეები ნალექების წლიური რაოდენობით არანაკლებ 2000-7000 მმ. ხასიათდება იარუსული განლაგებით (ვერტიკალური სტრატიფიკაციით), ხეების, ეპიფიტებისა და ლიანების უდიდესი სახეობრივი მრავალფეროვნებით, მაგრამ ღარიბია ბალახეული საფარით. გამოყოფენ წვიმის ტყეების შემდეგ ნაირსახეობებს:
ტროპიკული წვიმის ტყეები;
სუბტროპიკული წვიმის ტყეები;
ზომიერი წვიმის ტყეები (ინგ. Temperate rainforest).
ტროპიკული წვიმის ტყეები იზრდება ეკვატორის სარტყელში, მისგან ჩრდილოეთით ჩრდილოეთ განედის 25°-დე და სამხრეთით – სამხრეთის განედის 30°-დე. ტროპიკული წვიმის ტყეების ძირითადი მასივები არის სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (დიდი ზონდის კუნძულები, მალაკას ნახევარკუნძული, ფილიპინები, ახალი გვინეა), დასავლეთ აფრიკაში (მდინარე კონგოს აუზი, უგანდა) და ავსტრალიაში (კუინზლენდი).
სუბტროპიკული და ზომიერი წვიმის ტყეები, როგორც წესი, იზრდება ტროპიკური სატრყლის ჩრდილოეთით და სამხრეთით და ტროპიკების მთებში. მათ შორისაა ჩიბადასის ტყე კუნძულ იავაზე, სამხრეთის წიფლის ზომიერი ტყეები ახალი გვინეის, ტასმანიისა და ახალი ზელანდიის მთებში. აშშ-ს ჩრდილო-დასავლეთში წვიმის ტყეების კორომები გიგანტური წიწვოვანებით არის შექმნილი.
გავრცელება
ტროპიკული წვიმის ტყეები გავრცელებულია ეკვატორულ სარტყელში, ეკვატორიდან ჩრდილოეთით ჩრდილოეთ განედის 25°-დე და სამხრეთით – სამხრეთის განედის 30°-დე.
ამერიკაში ისინი იზრდება მექსიკაში მექსიკის ყურიდან და აშშ-ში ფლორიდის სამხრეთიდან დაწყებული, უჭირავს იუკატანის ნახევარკუნძული, ცენტრალური ამერიკის მეტი ნაწილი, ვესტ-ინდოეთის კუნძულები. სამხრეთამერიკული ტროპიკული წვიმის ტყეები (სხვაგვარად მათ სელვასაც უწოდებენ) იმყოფება მდინარე ამაზონის აუზში (ამაზონის წვიმის ტყეები უდიდესი წვიმის ტყეა), სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთში, გავრცელებულია ბრაზილიის ატლანტიკურ სანაპიროზე.
აფრიკაში ისინი იზრდება ეკვატორული ნაწილის დასავლეთში გვინეის ყურის სანაპიროდან მდინარე კონგოს აუზამდე და მადაგასკარზე.
ამ ტროპიკულების გარდა, წვიმის ტყეები არის აზიაში, ინდოეთის სამხრეთიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბევრი რაიონიდან, მათ შორის მიანმარიდან და სამხრეთ ჩინეთიდან დაწყებული გადაფენილია ინდონეზიისა და ახალი გვინეის კუნძულებზე ავსტრალიის შტატ კუინზლენდამდე. იზრდება, ასევე წყნარი ოკეანის კუნძულებზე.
წვიმის ტყეების ტროპიკების გარეთაც გვხვდება, ბრიტანეთის კოლუმბიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ალიასკაზე, ორეგონისა და ვაშინგტონის შტატების დასავლეთ ნაწილში, ჩილეში, შოტლანდიასა და ნორვეგიაში, დასავლეთ კავკასიაში (საქართველოს რეგიონ აჭარაში), დასავლეთ ბალკანეთის ნაწილში, ახალ ზელანდიაში, ტასმანიაზე და აღმოსავლეთ ავსტრალიის ნაწილში (სამხრეთის წიფლის ტყეები). ეს ზომიერი წვიმის ტყეებია.
ბიოტური მრავალფეროვნება (იხ. ასევე ბიომრავალფეროვნება)
წვიმის ტყეები პლანეტაზე არსებული ყველა ცხოველისა და მცენარის საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 40%-დან 75%-ის სახლია. ტროპიკულ წვიმის ტყეებში შესაძლოა იყოს მცენარეების, მწერებისა და მიკროორგანიზმების მილიონობით სახეობა, რომელიც ჯერ კიდევ უცნობია მეცნიერებისთვის. ტროპიკულ წვიმის ტყეებს „დედამიწის მარგალიტს“ და „მსოფლიოს უდიდეს აფთიაქს“ უწოდებენ, რადგან ბუნებრივი წამლების მეოთხედზე მეტი აქ არის აღმოჩენილი.
წვიმის ტყეების ცხოველთა სამყარო ძალზედ მრავალფეროვანია, მათ შორის, წარმოდგენილია: ძუძუმწოვრები (პრიმატები, კატისებრნი და ა. შ.), რეპტილიები (გველები, კუები, ქამელეონები და სხვ.), ფრინველები (ვანგისებრნი, გუგულისებრნი) და უხერხემლოები. ასევე, ძალზედ გავრცელებულია სოკოები, რომლებიც მცენარეებისა და ცხოველების ხრწნის პროდუქტებით იკვებება. მცენარეთა და ცხოველთა მრავალი სახეობა სწრაფად ქრება ტყეების გაკაფვის, საცხოვრებელი არეალის განადგურებისა და ატმოსფეროს დაბინძურების გამო.
კლიმატზე გავლენა
ბუნებრივი ტყე გამოყოფს და შთანთქავს ნახშირორჟანგის უდიდეს რაოდენობას. გლობალურ გრძელვადიან მასშტაბში ნახშირორჟანგის ნაკადების შთანთქმა და გამოყოფა დაახლოებით წონასწორობაში იმყოფება ერთმანეთთან და ამის გამო ხელუხლებელი ტროპიკულ ტყე დიდ ზემოქმედებას ვერ მოახდენს ატმოსფეროს ნახშირორჟანგის დონეზე. თუმცა, შესაძლოა იმოქმედოს კლიმატის სხვა ეფექტებზე (მაგალითად, ღრუბელთა წარმოქმნაზე, წყლის ორთქლის წრებრუნვაზე). თუმცა დღეს არ შემორჩენილა ისეთი ტყე, რომელსაც შეიძლება ხელუხლებელი ვუწოდოთ. ადამიანის ჩარევა ტყეების ეკოსისტემაში, განსაკუთრებით კი ტყის საფარის შემცირება ადამიანის საქმიანობის შედეგად, ისევე, როგორც სხვა ფაქტორები, ადამიანური იქნება ეს თუ ბუნებრივი, როგორიცაა, მაგალითად ხანძრები და გვალვები1, რომლებიც ანადგურებს ხეებს, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტროპიკული ტყეების მიერ ნახშირორჟანგის გამოთავისუფლებაში1. კლიმატის რამდენიმე მოდელის პროგნოზით, რომლებიც მცენარეული საფარის მოდელირებით არის შექმნილი, 2050 წლისთვის გვალვის გამო მოსალოდნელია ამაზონის ტროპიკული ტყეების დიდი დანაკარგი, ტყეების დაღუპვა და, შედეგად, კიდევ უფრო მეტი რაოდენობით ნახშირორჟანგის გამოთავისუფლება.
ტროპიკული წვიმის ტყე (ძირითადი სტატია ტროპიკული წვიმის ტყე)
ტროპიკული წვიმის ტყე შესაძლოა ორი სიტყვით დახასიათდეს: სითბო და სინოტივე. მთელი წლის განმავლობაში საშუალო თვიური ტემპერატურა არ აღემატება 10°C. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 1680 მმ-ს, ზოგ რაიონში შესაძლოა 10000 მმ-საც კი გადააჭარბოს, თუმცა ტერიტორიების უმეტესობისთვის 1750-2000 მმ ფარგლებში იმყოფება. წვიმის ტყეების მცენარეები ძალიან მრავალფეროვანია, ერთ ჰექტარზე მხოლოდ ხეების 70 და მეტი სახეობაა. მათ ჭორის ჭარბობს ორლებნიანები, რომლებიც იმტვერება მწერებით, ფრინველებითა და ღამურებით. ბევრი ტროპიკული ტყის აღმოცენებაა დაკავშირებულია მუსონური ღარდაფების განლაგებასთან, რომლების ასევე კონვერგენციის შიდა ტროპიკულ ზონებად იწოდება.
ტროპიკული წვიმის ტყეები – ეს არის წვიმის ტყეები, რომლებიც მდებარეობს ეკვატორულ ზონაში კირჩხიბისა და თხის რქის ტროპიკებს შორის. ტროპიკული წვიმის ტყეები განლაგებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (მაიანმარში, ფილიპინებზე, მალაიზიაში, ინდონეზიაში, პაპუა-ახალ გვინეაში), შრი-ლანკაზე, ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, აფრიკაში საჰარის სამხრეთით (კამერუნიდან კონგომდე), სამხრეთ ამერიკაში (ამაზონის წვიმის ტყეები), ცენტრალურ ამერიკაში (მაგალითად, ბოსავასი, ნახევარკუნძული იუკატანის სამხრეთ ნაწილში – ელ პეტენი – ბელიზი – კალაკმული) და წყნარი ოკეანის მრავალ კუნძულზე.
ტროპიკული ზღვის სანაპიროების მიქცევა-მოქცევის ზოლში – იმ ადგილებში, რომლებიც წყლისგან თავისუფალია მიქცევის დროს და დატბორილია მოქცევისას მანგროს ტყეები იზრდება. მანგროსთვის დამახასიათებელია მაღალი პროდუქტიულობა და სახეობათა სიმწირე.
ტროპიკული წვიმის ტყეების თავისებურებები
ეკოსისტემის რთული სივრცითი სტრუქტურა;
ქვეტყე ბევრ ადგილას ცუდად არის განვითარებული, რადგან მზის სინათლე ნაკლებად აღწევს მიწის ზედაპირამდე; ამიტომ ადვილია ტყეში გადაადგილება. იმ ადგილებში, სადაც ტყის საბურველის ერთიანობა დარღვეულია, ან საბურველი თხელია, მიწა იფარება ერთმანეთში გადახლართული ლერწების, ბუჩქებისა და პატარა ხეების უწყვეტი საფარით. ტროპიკული ნოტიო ტყეების ასეთ ბარდებს და გაუვალ უბნებს ჯუნგლები ეწოდება;
ბიომრავალფეროვნების ძალიან მაღალი დონე (1 ჰა-ზე ხეების 40-დან 170-დე სახეობა გვხვდება);
ორგანული ნარჩენების სწრაფი ხრწნა;
ნიადაგის საფარის დაბალი სიმძლავრე – 5-10 სმ, ნახშირბადისა და აზოტის უმეტესობა ტყის ცოცხალ ნაწილშია;
რკინისა და ალუმინის ოქსიდების კონცენტრირება ნიადაგის ლატერიზაციის მეშვეობით (მასში კაჟმიწის შემცველობის შემცირებით და რკინისა და ალუმინის ოქსიდების შემცველობის ზრდით), ამიტომ მას კაშკაშა წითელი ან წითურა ფერი აქვს.
ბევრი ხისთვის დამახასიათებელია კაულიფლორია – ყვავილებისა და ყვავილედები წარმოქმნა ხის ტანზე და ღეროების უფოთლო უბნებზე.
ნიადაგი
მცენარეთა საფარის მაღალი ინტენსიურობის მიუხედავად ტროპიკულ წვიმის ტყეებში ნიადაგის ხარისხი ხშირად სასურველზე უარესია. ბაქტერიებით გამოწვეული სწრაფი ლპობა ხელს უშლის ჰუმუსის დაგროვებას. ლატერიზაციის პროცესის გამო რკინისა და ალუმინის ოქსიდების მაღალი კონცენტრაცია ნიადაგს კაშკაშა წითელ შეფერილობას აძლევს და ზოგჯერ მინერალების (მაგალითად, ბოქსიტების) საბადოებს ქმნის. ხეთა უმრავლესობის ფესვები ზედაპირთან ახლოს არის განლაგებული, რადგან სიღრმეში ცოტაა საკვები ნივთიერებები და მინერალურ ნივთიერებათა უმეტესობას ხეები ზედა ფენიდან იღებენ, რომელიც ფოთლებისა და ცხოველების ლპობის პროდუქტებს შეიცავს. ახალგაზრდა, განსაკუთრებით ვულკანური წარმოშობის წარმონაქმნებზე, ნიადაგები, შესაძლოა, საკმაოდ ნაყოფიერი იყოს. ხეების არარსებობის შემთხვევაში ნიადაგის გაშიშვლებულ ზედაპირზე, შესაძლოა, წვიმის წყალი დაგროვდეს, გამორეცხოს ნიადაგი და სათავე დაუდოს ეროზიის პროცესს.
რესურსული მნიშვნელობა
ტროპიკული წვიმის ტყეები წარმოადგენს ხე-ტყის, საკვები, გენეტიკური, სამედიცინო მასალების, სასარგებლო წიაღისეულის წყაროს. ისინი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონული კლიმატის რეგულირებაში, რადგან 50%-დე უზრუნველყოფს წყლის წრებრუნვას ტრანსპირაციის გზით, რაც იწვევს ღრუბელთა აქტიურ წარმოქმნას მათი ზრდის ტერიტორიის ზედაპირის თავზე და წყლის დაბრუნებას ნალექების სახით.
ტროპიკული ტყეები, ასევე, პასუხისმგებელია მსოფლიოში ჟანგბადის 28%-ის წრებრუნვაზე. ხშირად წრებრუნვის პროცესი ერევათ ჟანგბადის წარმოებაში და ამიტომ, ტროპიკულ ტყეებს ხშირად „დედამიწის ფილტვებსაც“ უწოდებენ. თუმცა ეს არ სავსებით სწორი არ არის, რადგან ტროპიკული ტყეები შედარებით ნაკლები რაოდენობის ჟანგბადს აწარმოებენ, ხოლო ჟანგბადის დიდ უმრავლესობას აწარმოებენ ზღვის პლანქტონში მცხოვრები ციანობაქტერიები. ყველა ზრდასრული ტყის მსგავსად წვიმის ტყეც შთანთქავს და გამოყოფს დაახლოებით ერთნაირი რაოდენობის ჟანგბადსა და ნახშირბადს – ხეების მიერ გამოყოფილი ჟანგბადი იხარჯება ფოთლებისა და მერქნის ლპობის დროს, გამოიყენება იქ მცხოვრები ცხოველების სუნთქვისთვის და ა. შ. მრავალ შემთხვევაში ტროპიკული წვიმის ტყეები ისეთი რაოდენობით გამოყოფენ ნახშირორჟანგს, რომელიც აჭარბებს ჟანგბადის პროდუქციას. თუმცა ტროპიკული ტყეები მთავარ როლს თამაშობს ნახშირბადის გლობალურ ციკლში, როგორც ნახშირბადის მდგრადი დამგროვებელი და ასეთი ტყეების განადგურება იწვევს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობის ზრდას.
ტროპიკული წვიმის ტყეების სტრუქტურა
ტროპიკული წვიმის ტყეები, როგორც წესი, შედგება 3-4 ძირითადი იარუსისაგან (კორომი, ტყის საბურველი, ქვეტყე და ნიადაგის ჰორიზონტი), ყოველი მათგანი განსხვავებულ მცენარეებს და ცხოველებს შეიცავს, რომლებიც შეგუებულია გარკვეულ პირობებში ცხოვრებას. ძალიან ბევრია იარუსის გარე მცენარეები – ლიანები და ეპიფიტიები.
კორომი
კორომი შეიცავს მცირე რაოდენობით ძალიან მაღალ ხეებს, რომლებიც ამოიზარდნენ ტყის საერთო საბურველზე მაღლა და 45-55 მ სიმაღლეს მიაღწიეს. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში ზოგიერთი სახეობა 70-80 მ სიმაღლესაც აღწევს. ამ იარუსზე ხშირად ახდენს ძლიერ ზემოქმედებას მაღალი ტემპერატურები და ძლიერი ქარები. აღნიშნული იარუსზე სახლობენ არწივები, პეპლები, ღამურები და ზოგიერთი სახეობის მაიმუნები.
ტყის საბურველი
ტყის საბურველს ქმნის ტროპიკული წვიმის ტყის ხეების უმრავლესობა და მისი სიმაღლე, როგორც წესი, 30-45 მეტრია. დედამიწაზე სწორედ აქ არის ყველაზე დიდი ბიომრავალფეროვნება – ფოთლების ერთიან საბურველში, რომელიც მომიჯნავე ხეების კენწეროებისგან იქმნება. ზოგიერთი შეფასებით, ტყის საბურველი დედამიწაზე არსებული მცენარეების დაახლოებით 50%-ის საცხოვრებელი ადგილია. ძირითადი ნაწილია ეპიფიტები, რომლებიც მაგრდებიან ხეების ტანს და ტოტებზე და წყალსა და მინერალურ ნივთიერებებს იღებენ წვიმისა და ორგანული ნარჩენებისგან. აუნა, თავისი შემადგენლობით, ახლოს არის კორომის იარუსის ფაუნასთან, მაგრამ უფრო მრავალფეროვანია. ასევე ვარაუდობენ, რომ წვიმის ტყის საბურველში ცხოვრობს მწერების არსებული სახეობების მეოთხედი.
მეცნიერებმა უკვე დიდი ხნის წინ ივარაუდეს, რომ ტყის საბურველი უდიდესი რაოდენობის სახეობათა საცხოვრებელი ადგილი იყო, მაგრამ მხოლოდ ახლახან იქნა შემუშავებული შესწავლის პრაქტიკული მეთოდები. ჯერ კიდევ 1917 წელს ნატურალისტი უილიამ ბიბი ამბობდა: ცხოვრების კიდევ ერთი კონტინენტი რჩება შეუსწავლელი, მაგრამ არა დედამიწაზე, არამედ მისი ზედაპირიდან 200 ფუტის სიმაღლეზე, კონტინენტი, რომელიც ათასობით კვადრატულ მილზე ვრცელდება“. ტყის საბურველის სრულფასოვანი შესწავლა მხოლოდ 1980-იან წლებში დაიწყო, როდესაც მეცნიერებმა შეიმუშავეს ამ იარუსის მიღწევის მეთოდები (მაგალითად, არბალეტების გამოყენება თოკების სასროლად). ტყის საბურველის შესწავლა ჯერ კიდევ ჩანასახოვან მდგომარეობაში იმყოფება, მაგრამ მუშავდება შესწავლის სხვა მეთოდებიც: აეროსტატებისა და დირიჟაბლების გამოყენება, ამწეებისა და სპეციალური, ხეების ვარჯებზე დაგებული საქვეითო ბილიკების შენება. მეცნიერებას, რომელიც დაკავებულია ხეების კენწეროებზე წვდომით, დენდრონავტიკა ეწოდება (ინგლისური სიტყვიდან Dendronautics).
ქვეტყე
ქვეტყის იარუსი ტყის საბურველს და ნიადაგის ჰორიზონტს შორის იმყოფება. ამ იარუსში მრავალი სახეობის ფრინველი, გველი, ხვლიკი და მწერი ცხოვრობს, აქვე არიან მტაცებლებიც (იაგუარი, მახრჩობელა გველი, ჯიქი). ამ იარუსის ხეებისა და ბუჩქების ფოთლები ტყის საბურველის ხეების ფოთლებთან შედარებით უფრო დიდი ზომისაა. ქვეტყეს განეკუთვნება, ასევე, ახალგაზრდა ხეები, რომლებიც შემდგომ ტყის საბურველის სიმაღლისა გაიზრდება. ქვეტყის იარუსამდე აღწევს ტყის საბურველის მიერ მიღებული მზის სხივების მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 5%. ამ იარუსს ბუჩქნარის იარუსიც შეიძლება ვუწოდოთ, თუმცა ეს უკანასკნელი ცალკე იარუსადაც შეგვიძლია განვიხილოთ.
ნიადაგის ჰორიზონტი
ნიადაგის ჰორიზონტი ყველაზე დაბალი იარუსია და მზის სინათლის მხოლოდ 2%-ს იღებს, ამიტომ ამ იარუსზე მხოლოდ ის მცენარეები იზრდება, რომლებიც შეგუებულია სუსტ განათებას. მდინარეების ნაპირებისგან, ჭაობებისგან და ღია სივრცეებისგან მოშორებით, სადაც ხშირი ქვეტყე იზრდება, ნიადაგის ჰორიზონტი შედარებით თავისუფალია მცენარეებისგან. ის შეიცავს მცენარეებისა და ცხოველების ლპობის პროდუქტებს, რომლებიც სწრაფად იხრწნება თბილი და ნოტიო კლიმატის წყალობით, რომელიც ხელს უწყობს სწრაფ ხრწნას. ამას ასევე ხელს უწყობს მრავალი სახეობის სოკო.
სუბტროპიკული წვიმის ტყე
ჰემიჰილეა – სუბტროპიკული წვიმის ტყეები – მარადმწვანე, უფრო მაღალ განედებში ფართოფოთლოვანი ტყეები ნაწილობრივი ფოთოლცვენით, იზრდება საკმაოდ ნოტიო კლიმატში (წელიწადში 1000 მმ ნალექებზე მეტი). მათი გავრცელების არეალს განეკუთვნება აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთი, ბრაზილიის ზეგნის სამხრეთი, აფრიკის სამხრეთ-აღმოსავლეთი, ახალი ზელანდიის ჩრდილოეთი კუნძული. კონტინენტების აღმოსავლეთის ნაპირები უფრო ნოტიოა. სუბტროპიკული ტყე ნოტიო ტროპიკული ტყეებისგან განსხვავდება სახეობათა ნაკლები მრავალფეროვნებით, ეპიფიტებისა და ლიანების რაოდენობის შემცირებით, ასევე კორომში წიწვოვანი ხეებისა (პოდოკარპუსები და არაუკარიის ზოგიერთი სახეობა) და ხეგვიმრების გამოჩენით. აქ ჭარბობს მარადმწვანე მუხების, მაგნოლიების, ქაფურის ხის ხშირი ნოტიო ტყეები. მრავალრიცხოვანი ლიანები, ბამბუკის მაღალი რაყა და სხვადასხვაგვარი ბუჩქნარი აძლიერებს ნოტიო სუბტროპიკული ტყის თავისებურებას. კუნძულ იავაზე არსებული სუბტროპიკული წვიმის ტყის ჩიბადასისთვის დამახასიათებელია გიგანტური (60 მეტრისა და მეტი სიმაღლის) რასამალა (მაღალი ალტინგია) ჰამამელისისებრთა ოჯახიდან.
ზომიერი წვიმის ტყე (ძირითადი სტატია ზომიერი წვიმის ტყე)
ზომიერი სარტყლის წვიმის ტყეების განმარტებისთვის სხვადასხვა კრიტერიუმებით სარგებლობენ. ასე მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკაში ზომიერი სარტყლის წვიმის ტყეების ცნების განსაზღვრისთვის ფართოს იყენებენ ასეთ განმარტებას: ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა უნდა იყოს არაუმეტეს 1400 მმ წელიწადში, ხოლო საშუალო წლიური ტემპერატურა უნდა იყოს 4°C და 12°C ფარგლებში.
ამის მიუხედავად, ნალექების წლიური აუცილებელი რაოდენობა ისეთ ფაქტორებზეა დამოკიდებული, როგორებიც არის ნალექების განაწილება წლის განმავლობაში, ტემპერატურა წლის განმავლობაში და ნისლის არსებობა, ამიტომაც სხვა ქვეყნებში განმარტებები მნიშვნელოვნად განსხვავებულია. მაგალითად, ზომიერი სარტყლის წვიმის ტყეების ავსტრალიური განმარტება უფრო ეკოლოგიურ-სტრუქტურულია და არა კლიმატური: ტყის საბურველი ხურავს ცის, ყველაზე ნაკლებ, 70%-ს, ტყე ძირითადად შედგება მერქნიანი ჯიშებისგან, რეგენერაციისთვის არ საჭიროებს ხანძარს, სამაგიეროდ ნერგებს ჩრდილში და ტყის საბურველში არსებულ ბუნებრივ ველობებზე ზრდის უნარი აქვს. ბოლო პირობა გამორიცხავს, მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილის ზომიერი წვიმის ტყეების ნაწილს, რადგან მენზისის ცრუცუგას, ხეების ერთ-ერთ დომინანტ სახეობას, ახალი თაობის ხეების გასაზრდელად უკვე არსებულის განადგურება ესაჭიროება. ჩრდილოამერიკული განმარტება კი, თავის მხრივ, გამორიცხავს სხვა ქვეყნებში არსებულ ზომიერ წვიმის ტყეებს.
ზომიერ ტყეებს უჭირავს დედამიწის უმეტესი ნაწილი, თუმცა ზომიერი წვიმის ტყეები მხოლოდ დედამიწის რამდენიმე რეგიონში გვხვდება. ზომიერი წვიმის ტყეები არის წვიმის ტყეები ზომიერ სარტყელში. ისინი გვხვდება ჩრდილოეთ ამერიკაში (წყნაროკეანურ ჩრდილო-დასავლეთში, ბრიტანული კოლუმბიის სანაპიროზე და პრინც-ჯორჯის აღმოსავლეთით არსებულ კლდოვან მთებში), ევროპაში (ირლანდიისა და შოტლანდიის სანაპირო რაიონებში, ნორვეგიის სამხრეთ ნაწილში, დასავლეთ ბალკანეთში ადრიატიკის სანაპიროს გასწვრივ, ასევე ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთში და საქართველოს, რუსეთისა და თურქეთის შავიზღვისპირა რაიონებში), აღმოსავლეთ აზიაში (სამხრეთ ჩინეთში, ტაივანზე, იაპონიისა და კორეის უმეტეს ნაწილში, ასევე სახალინზე და მის მიმდებარე, რუსეთის შორეული აღმოსავლეთის სანაპიროზე, სამხრეთ ამერიკაში (ჩილეს სამხრეთ ნაწილში), ასევე ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.
ზომიერი წვიმის ტყეების თავისებურებები:
მკვეთრად გამოხატული ფენოფაზების არსებობა;
ბიომრავალფეროვნების მნიშვნელოვანი დონე;
ბუჩქნარის იარუსის არსებობა;
მკვდარი ორგანული ნარჩენების დაშლის ნელი დონე;
ნიადაგის საფარის მაღალი სიმძლავრე - 50-150 სმ.
მსოფლიოს ტროპიკული ტყეების ზონა | სადისტრიბუციო ზომიერი წვიმის ტყეები | წვიმის ტყეები მსოფლიო რუკაზე | განაწილება ტროპიკული ტყეების |